სიმსივნის იმუნოთერაპია ეწოდება იმუნური სისტემის აქტივაციას ან მოდულირებას სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედების გასაძლიერებლად

ჭიპლარის სისხლის ღეროვანი და იმუნური უჯრედების გამოყენება  ავთვისებიანი სიმსივნის იმუნოთერაპიისთვის ახალი და პერსპექტიული  მიმართულებაა. ჭიპლარის სისხლის უჯრედები წარმოადგენენ ანტისიმსივნური მოქმედების უჯრედების წყაროს. მათგან კულტივაციის პირობებში მიიღება სიმსივნის საწინააღმდეგო გააქტივებული უჯრედები, რომლებიც კიბოს უჯრედებს ანადგურებენ:

ბუნებრივი კილერი უჯრედები (NK)

ციტოკინ-ინდუცირებული კილერები (CIK),

ლიმფოკინ-აქტივირებული კილერები  და

ე.წ კიბოს საწინააღმდეგო დენდრიტული ვაქცინა (DC)

პირველ სამ შემთხვევაში  მიღება აქტივირებული ლიმფოციტები, რომლებიც კიბოს უჯრედებს კლავენ, დენdრიტული ვაქცინის შემთხვევაში კი დენდრიტული უჯრედები  ააქტივებენ T კილერ ლიმფოციტებს, რომლებიც უტევენ სიმსივნეს.

ცხადია, შესაძლოა პაციენტის საკუთარი პერიფერული სისხლის გააქტივებული უჯრედებითაც მკურნალობა, მაგრამ ჭიპლარის სისხლს აქვს უპირატესობები, რადგან ხშირად  მრავალი მიზეზის გამო სიმსივნიანი პაციენტის  მძიმე ზოგადი მდგომარეობა  არ იძლევა საშუალებას, შევაგროვოთ მისი ლიმფოციტები საკმარისი რაოდენობით. ეს მიზეზებია:

1.გავრცელებული სიმსივნური ინტოქსიკაციის  შედეგად პაციენტის დაბალი წონა ან კახექსია

2. გავრცელებული და შორსწასული სიმსივნური პროცესის გამო პაციენტის ორგანოთა სისტემების მძიმე უკმარისობები( მაგ. მომნელებელი სისტემის, სასუნთქი სისტემის,  გულ-სისხლძართვთა სისტემის, საშარდე სისტემის მძიმე დარღვევები)

3. ქიმიოთერაპია

4. სხივური თერაპია

5. დიდი მოცულობის ქირურგიული ჩარევა

6. იმუნოსუპრესიული მდგომარეობა, რაც არ იძლევა საშუალებას სასურველი რაოდენობის მასალის შეგროვების.

ამ შემთხვევებში  საჭირო რაოდენობის სისხლის (100-200 მლ და მეტის ) აღება პაციენტისგან არის შეუძლებელი.  ჭიპლარის სისხლი კი წარმოადგენს იმუნური უჯრედების საუკეთესო ალტერნატიულ წყაროს შემდეგი ფაქტორების გამო:

NK უჯრედების მაღალი შემცველობა

წყაროზე დაუყოვნებელი წვდომა

გააქტივების შემთხვევაში პერიფერული სისხლის უჯრედების შესადარი ან უპირატესი აქტიობა სიმსივნის საწინააღმდეგოდ.

ცხადია, იდეალურია, თუ პაციენტს შენახული აქვს საკუთარი ან დედმამიშვილის ჭიპლარის სისხლი, თუმცა მათი არქონის დროს შესაძლოა უცხო დონორის ჭიპლარის სისხლის გამოყენება, თუმცა ამ დროს საჭიროა იმუნოთავსებადობის გარკვეული გათვალისწინება, განსაკუთრებით CIK, LAK და DC უჯრედების შემთხვევაში, HLA თავსებადობა მნიშვნელოვანია, თუმცა აქაც მოზრდილ დონორთან შედარებით, ნაკლებად მკაცრი კრიტერიუმები გამოიყენება და ე.წ. GVHD სინდრომის დაბალი რისკიაღინიშნება.

ბუნებრივ კილერი უჯურედები სიმსივნისგან  ორგანიზმის არასპეციფიური მცველები არიან და  არ საჭიროებს სპეციფიური სტიმულაციას სიმსივნის აღმოსაჩენად. ისინი პირველები ებრძვიან ახლად წარმოქმნილ სიმსივნის უჯრედებს.

სინჯარაში გააქტივებული ბუნებრივი კილერები კი კიდევ უფრო  ეფექტურად ებრძვიან სიმსივნეს. ორგანიზმში ისინი 10-15 დღე ცოცხლობენ და ებრძვიან ავთვისებიან სიმსივნეს.

ჭიპლარის სისხლიდან NK, LAK, CIK, DCV-ს მიღებისთვის საჭიროა მათი კულტვაცია აქტიური ნივთიერებების დამატებით, მათ შორის ციტოკინების : IL-2, IL-4, IL-12, IL-15, IL-18, TNF-α, TNF-alpha, და მრავალი სხვის ,  ასევე anti-CD3 ანტისხეულების გამოყენებით.

ბუნებრივი კილერები  გამოიყენება  მწვავე და ქრონიკული ლიმფომებისა და ლეიკემიების დროს და მიელომური დაავადების სამკურნალოდ. რეფრაქტერული და რეციდიული სოლიდური სიმსივნეების სამკურნალოდ ჭიპლარის სისხლის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დასადგენად მსოფლიოში კიბოს კვლევისა და მკურნალობის უმსხვილეს ცენტრში MD Anderson, ტეხასში, აშშ-ში, მიმდინარეობს ფართო კვლევა ბუნებრივი კილერებით შემდეგი ტიპის კიბოს სამკურნალოდ: მელანომა, ტუჩისა და პირის ღრუს კიბო, ქალის რეპროდუქციული სისტემის კიბო, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის კიბო,მეზოთელიომა, რბილი ქსოვილების კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, ხახის კიბო, კანის კიბო, საშარდე გზების კიბო, ძვლის ავთვისებიანი სიმსივნე, ენდოკრინული სისტემის კიბო.

 

ჩინელი მეცნიერების სტატია მოიცავს 15 პაციენტზე ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელთაც ჭიპლარის სისხლის უჯრედებიდან მიღებული CIK უჯრედებით უმკურნალეს. მათ ჰქონდათ დასმული შემდეგი დიაგნოზები:  მსხვილი ნაწლავის კიბო (IV სტადია),  სწორი ნაწლავის კიბო ((IV სტადია), საკვერცხის კიბო (IV სტადია), ღვიძლის კიბო, კუჭის კიბო, პანკრეასის, ფილტვის და საყლაპავის კიბო (უმეტესად IV სტადია, ასევე III სტადია).

მკურნალობის შედეგად 2 პაციენტში (ღვიძლის და საყლაპავის კიბოთი) აღინიშნა სიმსივნის სრული გაქრობა, 10 პაციენტში დაავადების სტაბილიზაცია (სიმსივნის ზრდის შეჩერება), 2-ში სიმსივნის ზომებში შემცირება და მხოლოდ ერთში (ღვიძლის კიბოს დროს) დაავადების პროგრესირება.

 

ჭიპლარის სისხლის გამოყენება კიბოს იმუნოთერაპიაში ახალი, მაგრამ მეტად პერსპექტიული მიმართულებაა, რაც ახლო მომავალში წარმატებული ანტისიმსივნური მკურნალობის მნიშვნელოვანი კომპონენტი გახდება.